ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი.

„ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.