ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჩვენ რეგულარულად გვაქვს დიალოგი და შეხვედრები. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ეუთო-ს როლი აღნიშნულ პროცესებში.

„ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს წუხილს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეუთო ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ეუთო-ს როლი ამ პროცესში, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.