მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ - ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება.
12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა! მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს და რა შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება.
მეორე, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება. აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას - ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ!