მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ - ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურ განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება.
„სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემებში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება. 12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა! მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს თან და რა შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი ხელისუფლებაში, პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა კი მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.