12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
ივანიშვილის თქმით, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც, საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს.
„როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას - როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევანი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება.
„წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათი აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს, შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.