„2012 წელს თქვენ მართლა მთელმა საზოგადოებამ გადაგირჩიათ და გამოგიტანათ განაჩენი იმიტომ, რომ თქვენ არა თუ ევროპული გზით, არამედ პირდაპირ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდით, დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი, თავისუფალი სიტყვა და მშვიდობიანი მანიფესტაციები საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაში. ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და თქვენ, ახლა ბედავთ და ევროპის დაცვაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხი რომელმაც საერთოდ ევროპულ ჩანაწერს არ დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებდა, დღეს კი ხელმძღვანელად ირჩევს.
„ავის მომასწავებელი ხმით ლაპარაკობდით როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო. ამბობდით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი არისო. დღეს თქვენი ფრონტის ხელმძღვანელია ზუსტად ის ადამიანი, ვისაც რუსეთის აგენტს ეძახდით, არ გრცხვენიათ, არც ბოდიში არ მოგიხდიათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ახარებს ყველაფერი, რაც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით, თქვენ ხართ ის ოპოზიცია ვისაც, გიხაროდათ ვალუტის კურსის ცვლილება წინა დღეებში, თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდზე ჰაკერულ თავდასხმას. წარმოიდგინეთ სადამდე მიხვედით, რომ რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს და თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როდესაც ყველაფერი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, ყველაფერი გახარებთ. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეთ, როდესაც მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყების თაობაზე - აი ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა თქვენ რის გამკეთებლები ხართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.