„მინდა მივმართო ახალ თაობას: ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვიდრე თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“- განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი, ჩვენი ქვეყნის მიერ მოგებული ისტორიული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოსა და ჰააგაში - ეს მხოლოდ ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესის, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არა საჯარო სამსახურის და საჯარო მოხელეების დიდი შრომა და მონდომება - ამიტომ, მინდა დღეს ყველაზე მეტად, სწორედ თქვენ გითხრათ მადლობა - არავის აქვს უფლება რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგაბრალოთ! ამას არ მივიღებთ და ამას არ დავუშვებთ!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უკვე ყველასათვის ცხადია, რომ დემოკრატიული სისტემები, არჩევნები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის სამიზნე.

„ბოლო კვლევებით, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი სპეციალური დირექტივით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ - შექმნან გამჭვირვალობის რეესტრები. ამ სფეროში კანონმდებლობა უკვე აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ავსტრალიას. კანონზე მუშაობს კანადაც. გარე ჩარევის საფრთხეები ერთიორად მაღალია საქართველოსთვის, რომელიც რთულ რეგიონში, გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ქვეყანასაც ესაჭიროება დაცვის მსგავსი მექანიზმები. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში, ვინ ახდენს გავლენას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვინ არიან ეს აქტორები და ვისგან ფინანსდებიან ისინი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან, უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა და წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

„სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა,  ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

„ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მადლიერი ვართ მათი, ვინც ამ წლების განმავლობაში პატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივი ინტერესების სამართლიანი გათვალისწინებით გვერდით გვედგა - ჩვენც გვერდით ვედექით, როგორც ერთგული და თანასწორი მეგობრები. „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი. დავიცავთ მშვიდობას, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ეკონომიკას და ბოლომდე მივიყვანთ რეფორმებს! 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.