პოლიციელებიც ადამიანები არიან და იმ ავტორს, ვინც ეს ანგარიში მოამზადა, უნდა შევახსენოთ, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სახალხო დამცველის ლევან იოსელიანს, რომელმაც სესიაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ ანგარიშში, აქციების დროს, პოლიციელების მიმართ ძალადობაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა.
"ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვათ, ერთი სიტყვაც არ იქნა თქმული იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მაგალითისთვის თვალი დაკარგა. არაერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის ისეთი დაზიანება, რომელზედაც წარუშლელი კვალი არის დატოვებული და ეს ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში, სამსახურებრივ მოვალეობასაც ვეღარ გააგრძელებენ. პოლიციელებიც ადამიანები არიან და იმ ავტორს, ვინც ეს ანგარიში მოამზადა, უნდა შევახსენოთ, რომ დიახ, პოლიციელი არის, პირველ რიგში, ადამიანი და ისიც უნდა იყოს ნახსენები, რომ ძალადობრივი აქციის მომდინარეობის დროს, ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებული აგრესია იყო," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს ლევან იოსელიანი წარადგენს. ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. კითხვებიც, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით იყო. ისმოდა ომბუდსმენის მისამართით კრიტიკა.