მოდით, ნახევრად ხუმრობით ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს, ნულოვანი შანსების მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტია მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მათი შედეგი იქნება აბსოლუტურად იგივე, რაც ჰქონდათ უკვე ცხრაჯერ და მეათეჯერ სახელოვნად დამარცხდებიან, ამჯერად უკვე მუნიციპალურ არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, რადგან გახარიას პარტია და „გირჩი“ უკვე დადასტურებულად მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მათ რიგებს კი შესაძლოა, „ლელოც“ შეუერთდეს და ტაქტიკურად, რამდენად აწყობს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის გააქტიურება-გამრავალფეროვნება საარჩევნო ბიულეტენზე.
„კი, მათ გადალახეს ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში და შემდეგ რა იყო შედეგი? არ სცეს პატივი თავიანთ ამომრჩეველს, არ მოიქცნენ ისე, როგორც ექნებოდა სურვილი მათ ამომრჩევლებს, მათი ნების განხორციელება საპარლამენტო ცხოვრებაში, დადგნენ გარეთ და შემდეგ რასაც აკეთებდნენ მათ მიერ დაორგანიზებული ადამიანები უშუალოდ მათი ჩართულობით, ყველამ კარგად ვნახეთ დეკემბერშიც, იანვარშიც და თებერვალშიც. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები, რეალურად კი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები, მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ მიიღებენ. პრაგმატულად, ჩვენ ვართ ორიენტირებული ჩვენ ამომრჩეველზე, ამომრჩევლის ნებაზე, ქართველი ხალხის ნებასა და მომავალზე, მათ შორის იმ პროგრამებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია მუნიციპალურ დონეზე, რომ განხორციელდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ასეთი პარტიები, რაც ნაკლები მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უკეთესია ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებისთვის და შესაბამისად, გაჩნდება სივრცე იმისთვის, რომ ველზე ახალი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, პოლიტიკით დაინტერესებული ახალი ადამიანები გამოჩნდნენ.
„ამ ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკით დაინტერესებულმა ახალმა ადამიანებმა თავიანთი იდეები შესთავაზონ ქართველ ხალხს, რათა რეალურად, ქართველ ხალხს არჩევანი კი არ ჰქონდეს ომსა და მშვიდობას, ქვეყნის გადაგვარება-გადაჯიშებასა და მეორე მხრივ ღირსებას, ქვეყნის რეალურ განვითარებასა და განვითარების შეჩერებას შორის, არამედ იყოს არჩევანი, როგორ განვავითაროთ ეს ქვეყანა, როგორ წავიყვანოთ წინ, როგორ იყოს ეკონომიკური წინსვლა და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეკითხვაზე, რატომ არ გაჩნდნენ აქამდე ახალი პოლიტიკური ძალები, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ველი გაჯერებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიების მაგალითად, ტელევიზიებით, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ერთად და ცალ-ცალკე მართავს ამ მაუწყებლებს.
„სარედაქციო პოლიტიკა საერთოდ აღარაფერი აღარ არის, აბსოლუტურად ცრუ ამბების ტირაჟირება ხდება, არავითარი სტანდარტის დაცვა არ არის, პირდაპირ შეურაცხყოფები მომდინარეობს, მოიფრქვევა მათი ეთერებიდან და კლასიკური მაგალითია, დიდი ალბათობით, უნდა ისწავლებოდეს კიდეც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი ზოგადად. აი, ამ სტანდარტებს ავრცელებენ ეს პარტიები, მათი ტელევიზიები და როდესაც ასე გაჯერებული არის ოპოზიციური ველი, შესაბამისად, სხვა ადამიანებს უბრალოდ, სურვილიც კი არ უჩნდებათ, რადგან ეს ადამიანები ერთი განსხვავებული ფრაზის წარმოთქმის გამოც კი ერთმანეთს გიენებივით წვდებიან ხოლმე ყელში და ახალი ადამიანი რომ ნახონ ახალი იდეებით, ჩანასახშივე ყველაფერს გააკეთებენ მათ ჩასაძირად“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, გორდულაძემ განაცხადა, რომ დგას რეალობა, როცა უცხოეთიდან დავალება მიცემული, დაორგანიზებული და დაფინანსებული ადამიანები, მათივე ხელშეწყობით, ჩვენ ქვეყანაში რევოლუციის გზით ლამობენ ხელისუფლებაში მოსვლას.
„რეალურად, ამ ადამიანებს არჩევნები საერთოდ არ აინტერესებთ. აი, მაგალითად, „ლელოც“ რომ მიიღებს მონაწილეობას, თუ თავიანთი პატრონები საბოლოო ჯამში მისცემენ დავალებას და ბრძანებას, ახლა დაირაზმეთ და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო, რომ დამარცხდებიან, 5 ოქტომბრიდან ისევ გამოვლენ და იტყვიან, არჩევნები გაყალბდაო. თუ არა, შევხვდებით ეთერში და შეგვიძლია, მერე ერთმანეთს ვუთხრათ, გამართლდა თუ არა ჩემი ნათქვამი“, – განაცხადა გორდულაძემ.