მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ის ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი მეტ სერიოზულობას ვისურვებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი ყოფილა.

„დონალდ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით, სამწუხაროდ, იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის, მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. სხვათა შორის, მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის მიმართ.

მამუკა მდინარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღმოაჩენს რომ თურმე ტრამპი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. დაველოდოთ და ვნახოთ, ცოტა ხანში მამუკა მდინარაძის და მისნაირი არარაობების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპის ხელისუფლებას, მათ შორის, პირველ ჯერზე, ნამდვილად საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება იმ არარაობათაგან, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას ამცნობს და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი დამარცხდა „დიფ სთეითთან““, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა ტრამპის განცხადებაზე: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ამ გზავნილს არ შეაფასებდა.

„სერიოზულად მეკითხებით ამას? ამ გზავნილს არ ვაფასებ, და რაც შეეხება კონკრეტულად „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავს გზავნილებს, საკუთარ სქესს მიხედონ და ამაზე მეტს უბრალოდ არ ვიტყვი, რადგან უბრალოდ უხერხულია, ვინ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ძალიან კარგად იცით, რასაც ვგულისხმობ.

ჩვენი გუნდის პოზიცია ტრამპთან დაკავშირებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად არათანმიმდევრულობა, სამწუხაროდ, პრობლემა არის როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარესაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ეს ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. რაც შეეხება სხვებს, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.