კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივრის შეტანას. ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, რადგან პრეზიდენტი ვეტოს როდესაც ადებდა ამ კანონს, იქ მთელი ამბავი იყო ატეხილი, ღმერთმა დაგვიფაროს და, ვეტოს დოკუმენტში რამე შენიშვნა ჩავწეროთ, რომ შემთხვევით „ქოცებმა“ არ გაითვალისწინონ და ახლა საკონსტიტუციოში ფაქტობრივად საუკეთესო გამოსავალს აძლევენ, თუ კი რაიმე შანსი არსებობს და ბიძინა ივანიშვილს უნდა, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ეს აგენტების კანონი უკან გაიწვიოს ან შეცვალოს, იდეალური ინსტრუმენტი ჩაუვარდებათ ხელში, რადგან საკონსტიტუციო ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე გმირულად ამას აღასრულებს პარლამენტი და იტყვიან, გვაქვს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კონტროლი ძალაუფლების ხელისუფლების შტოებს შორის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სარჩელი ბუნებრივი პროცესია, მაგრამ პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ წარსულ განცხადებებზე.
„არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო. ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ან, ბოლოს და ბოლოს, სამსახურებრივი მოვალეობა, შეიძლება, უბიძგებდეთ მათ, რომ ეს გააკეთონ, ეს ერთი; მეორე, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ ამ ნაწილში. პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ, თუნდაც თავიანთ წარსულ განცხადებებზე და ასე უპასუხისმგებლოდ რომ უდგებიან თავიანთ წარსულ განცხადებებს, ეს უკვე პრობლემაა, თორემ „ენჯეოები“ რომ მიდიან სასამართლოში, ეს ბუნებრივი პროცესია მათთვის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.