უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ამზადებს კონტრაქტს 25 ერთეული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვისთვის, რომლის დაფინანსებაც გაყინული რუსული აქტივებით იგეგმება.

ზელენსკის თქმით, სისტემების შესყიდვის შესაძლებლობა მან ვაშინგტონში ვიზიტის დროს განიხილა.

"აღნიშნულ 25 სისტემას უკრაინა მიიღებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა რაოდენობით" - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოითხოვეს 25 სისტემა, თუმცა მათი მიღება დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდება, რის გამოც მიღების პროცესი რამდენიმე წელზე გადანაწილდება.

მთავარ პრობლემას წარმოება წარმოადგენს - Patriot-ებზე დიდი მოთხოვნაა და ბევრი ქვეყანა უკვეთავს, შესაბამისად, საჭიროა რიგში დგომა. თუმცა, ზელენსკის განცხადებით, რიგის გადაპრიორიტეტება შესაძლებელია, თუ ამის შესაბამისი პოლიტიკური ნება იარსებებს.

პრეზიდენტის თქმით, NATO-ს წამყვან ქვეყნებში განლაგებულია აშშ-ის კუთვნილი სისტემები და, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი უკრაინისთვის გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 25 სისტემის ღირებულება დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით.