აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ზელენსკის რუსეთისთვის დონბასის სრულად დათმობისკენ მოუწოდა. ტრამპის თქმით, ომი არსებულ ფრონტის ხაზებზე უნდა შეწყდეს, ხოლო ტერიტორიული საკითხები მოგვიანებით მოლაპარაკებებით გადაწყდეს.
მანამდე გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის რუსეთის პირობების მიღებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს," თუ ამ პირობებს არ დათანხმდება.
რეპორტიორებს ტრამპმა განუცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე ეს საკითხი "არასდროს განხილულა".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი იმ ხაზებზე უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან საბრძოლო ხაზზე. ახლა საბრძოლო ხაზი არსებობს. დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია." - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი.
"მოდით, ისე გაიყოს, როგორც არის. ახლაც გაყოფილია. ვფიქრობ, [დონბასში] მიწის 78% რუსეთს უკვე დაკავებული აქვს. ასე დატოვებ, როგორც არის. მათ შეუძლიათ, მოგვიანებით რაღაცებზე მოილაპარაკონ." - განაცხადა ტრამპმა კითხვაზე, თუ რა ბედი უნდა ეწიოს დონბასის რეგიონს.
ცნობისთვის, ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართა, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ უნდა "შეწყდეს მკვლელობები და შეთანხმება დაიდოს". მან ასევე დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა იქ "უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან."