ვმუშაობთ აშშ-თან საჭირო რაოდენობის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მისაღებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს ახალ შეთანხმებებს რიგ ქვეყნებთან შეიარაღებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შესახებ, რაც გააფართოებს უკრაინის არმიის შესაძლებლობებს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს შეერთებულ შტატებთან Patriot-ის სისტემების საკმარისი რაოდენობის მისაღებად.
"იქნება დახმარების დამატებითი პაკეტები. ცალკე ვმუშაობთ ამერიკასთან, რათა უკრაინამ მიიღოს Patriot-ის სისტემების საჭირო რაოდენობა. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს", – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში შეხვდა კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ როგორც Patriot-ებს, ასევე სხვა საჭირო შეიარაღებას.
"უკრაინასთან მუშაობის მზადყოფნა სრულიად საკმარისია, უკრაინას ენდობიან. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზე ამისთვის საკმარისი მხარდაჭერა იყოს", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს ინტერესი გაზისა და ნავთობის სფეროში ერთობლივი მუშაობისადმი.
"უკრაინულ ინფრასტრუქტურას შეუძლია, მისცეს მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება მთელ რეგიონს. აშშ აშკარად დაინტერესებულია ამით. საერთო ჯამში, ეს უკვე არის გაცილებით უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური სტრატეგიის ნაწილი – ევროპაში ენერგობაზარი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან, არამედ მათი მიწოდების თავად ფაქტისგან", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.







