დღეს მეუფე თეოდორესთან და მეუფე საბასთან ერთად მოვილოცეთ საფარის მონასტერი - ადგილი, სადაც საუკუნეების სიღრმიდან დღემდე აღწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი სიმტკიცის ხმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამცხის მთებში აღმართული საფარა მხოლოდ მონასტერი არ არის. ეს არის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი კერა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კულტურის, სარწმუნოებისა და ეროვნული თვითშეგნების დაცვის სამსახურში იდგა.
საფარის აღმშენებელია ბექა ჯაყელი, სამცხის მმართველი და პირველი ქართული სამართლის წიგნის შემქნელი. საფარაში აღიზარდა გიორგი V ბრწყინვალე.
საფარაში ყოფნისას კიდევ ერთხელ აცნობიერებ, რომ საქართველოს სიძლიერე მხოლოდ სამხედრო გამარჯვებებში ან პოლიტიკური წარმატებებში არ გამოიხატება. ჩვენი ძალა იმ სულიერ და კულტურულ საძირკველშია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები - მეფეები, სასულიერო პირები, დიდგვაროვნები და უბრალო ადამიანები.
სწორედ ასეთი ლავრაა საფარა - ქართული ისტორიის, სარწმუნოების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი მეხსიერების ცოცხალი ნაწილი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.