პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება 42 წლის კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული, მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი მეორე ტურამდე ჩატარებულ გამოკითხვების შედეგებით ინარჩუნებდა უპირატესობას და მან მხოლოდ უშუალოდ არჩევნების ჩატარების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში დაუთმო ლიდერობა კაროლ ნავროცკის.

მეორე ტურის კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე, Telewizja Polsat-ის, TVP-ის და TVN-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, რაფალ ტშასკოვსკის მცირე უპირატესობა ჰქონდა (50,3% / 49,7%). დაახლოებით 2 საათის შემდეგ Ipsos-მა კიდევ ერთი ეგზიტპოლი გამოაქვეყნა და ამჯერად კაროლ ნავროცკის გამარჯვება ივარაუდა (50,7% / 49,3%). კიდევ ერთ, საბოლოოდ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლში, რომელიც კენჭისყრის ყველა ეტაპზე, მათ შორის უბნების დახურვის სულ ბოლო მომენტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ითვალისწინებდა, კაროლ ნავროცკის უპირატესობა 2%-მდე გაიზარდა.

პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქებიდან მიღებული ოქმების საიტზე ატვირთვის დაწყების საწყის მომენტში, საარჩევნო უბნების 35,96%-ის შედეგების მიხედვით, კაროლ ნავროცკის ხმების 55,55% ჰქონდა, რაფალ ტშასკოვსკის კი 44,45%. ამის შემდეგ, ინფორმაციის ყოველი განახლების დროს მიღებულ ხმებს შორის სხვაობა განუხრელად, მაგრამ მცირედით მცირდებოდა და საბოლოოდ, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, კაროლ ნავროცკის 1,78%-იანი უპირატესობა (50,89 / 89,1%) დაფიქსირდა.

კაროლ ნავროცკი დაიბადა 1983 წლის 3 მარტს, გდანსკში. მან მშობლიურ ქალაქში დამთავრა სკოლა და მიიღო უმაღლესი განათლება. პროფესიით იგი ისტორიკოსია. 2009-2017 წლებში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომელი იყო, 2017-2021 წლებში გდანსკში არსებული მეორე მსოფლიო ომის მუზეუმის დირექტორი, 2021 წლიდან კი ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტია. სეიმმა მისი კანდიდატურა 248 ხმით 198-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

2024 წლის 24 ნოემბერს კრაკოვში ჩატარებულ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ყრილობაზე იგი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის„სამოქალაქო კანდიდატად “ დაასახელეს. 2025 წლის აპრილში მას მხარდაჭერა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გამოუცხადა.

საარჩევნო კამპანიის დროს კაროლ ნავროცკიმ თავი მოზრდილებისა და ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ (თუმცა გამონაკლისის დაშვებით გარკვეული დაავადებების მიმართ) გამოაცხადა. მან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა „ევროპულ ელიტას“ და მათ შორის, დონალდ ტუსკს დააკისრა. 2025 წლის იანვარში იგი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა მანამ, სანამ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში არსებული პრობლემები არ მოგვარდებოდა, მათ შორის ვოლინის ხოცვა-ჟლეტის პოლონელი მსხვერპლის ექსჰუმაცია, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკული რეაქცია გამოიწვია. სმოლენსკში „ტუ-154“-ის ჩამოვარდნაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მომხრეა კატასტროფაზე დაფუძნებულ ახსნა-განმარტების, თუმცა არ გამორიცხა თავდასხმის, როგორც კატასტროფის გამომწვევის მიზეზის, შესაძლებლობა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. კაროლ ნავროცკიმ თავი ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა და მიგრაციული პაქტის შეწყვეტის განზრახვის შესახებ განაცხადა.

2025 წლის მარტში მან წარადგინა თავისი პროგრამა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა: გადასახადების არგაზრდის გარანტიას, დღგ-ს შემცირებას, მეორე საგადასახადო ზღვრის ზრდას, ნულოვან პირად საშემოსავლო გადასახადს მინიმუმ ორი შვილის მქონე ოჯახებისთვის, ასევე გადასახადებისგან გათავისუფლებულ მემკვიდრეობას და ე.წ. „ციყვის“ გადასახადის (გადასახადი კაპიტალის ნამატზე, მაგალითად, დანაზოგებზე მიღებული საპროცენტო შემოსავალი, კაპიტალურ ფონდებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დივიდენდი, ფასიანი ქაღალდების ფლობის შედეგად მიღებული შემოსავალი და სხვა - „აიპრესი“) გაუქმებას.  გამოცხადებულ პროგრამულ დაპირებებს შორის მან ასევე ახსენა ტექნოლოგიების ფონდის შექმნა, სკოლებში საშინაო დავალების მიცემის და მათი შეფასების გაუქმებული პრაქტიკის კვლავ აღდგენა და უფასო გაკვეთილების დანერგვა მართვის მოწმობის მიღების წინ. მოგვიანებით, მან ასევე წამოაყენა მოთხოვნები ბირთვული ენერგიის განვითარების (გარდამავალ პერიოდში პოლონური ქვანახშირის როლის შენარჩუნებით) და საზღვაო პორტების გაფართოებისა და ახალი საინვესტიციო ზონების შექმნის შესახებ და დაბლოკავდა სახელმწიფო ხაზინის სტრატეგიული საწარმოების პრივატიზაციის დაბლოკვის პირობა დადო.  

მან არასამართლიანად გამოაცხადა საკადასტრო გადასახადის დაწესება იმ ბინაზე, რომელშიც პირი ცხოვრობს. მოგვიანებით, მან გამოაცხადა, რომ მხარს უჭერდა საკადასტრო გადასახადის დაწესებას საკუთრებაში არსებულ მესამე ბინაზე, კიდევ უფრო გვიან კი არცთუ ნათლად განაცხადა, რომ მომხრეა საკადასტრო გადასახადის დაწესების მეოთხე და მეტი ბინისთვის. 

სასოფლო რაიონებისთვის წარდგენილ პროგრამაში კაროლ ნავროცკიმ აღნიშნა რომ წინააღმდეგია ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ და ევროკავშირის მერკოსურის ქვეყნებთან შეთანხმების, სოფლის მეურნეობის წარმოების შემზღუდავი ახალი რეგულაციების, შენობებთან ახლოს ქარის ტურბინების მშენებლობისა და უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტის ლიბერალიზაციის და ფერმერებისთვის  სუბსიდიებისა და შეღავათიანი სესხების სისტემის გაძლიერება თავის ერთ-ერთ ამოცანად  მიიჩნია. მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ქონების რესურსებიდან უცხოელებისთვის  მიწის შესყიდვაზე შეზღუდვების 2026 წლამდე გახანგრძლივებას და პოლონელი ფერმერებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას დაუჭირა მხარი.  

საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს კაროლ ნავროცკი აგრეთვე აცხადებდა, რომ:

ხანდაზმულ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული მხარდაჭერა. პენსიებისა და საპენსიო შეღავათების ინდექსაცია წელიწადში მინიმუმ 150 ზლოტი (111 ლარი) უნდა იყოს და ამავე დროს, ყოველთვის აღემატებოდეს ინფლაციის მაჩვენებელს.

ელექტროენერგიის ფასები უნდა შემცირდეს 33 პროცენტით;  

პოლონეთმა არ უნდა თქვას უარი ზლოტზე; 

არ უნდა იქნეს დაშვებული სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაცია;

არ არის საჭირო აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია; 
 
უარი უნდა ეთქვას ერთნაირსქესიანი წყვილებს ბავშვების შვილად აყვანაზე; 

უნდა აიკრძალოს „იდეოლოგიების“ სკოლებში გავრცელება;
 
აუცილებელია ეროვნული იდენტობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვა.

2025 წლის 1 მაისს ის ეწვია შეერთებულ შტატებს, რომლის დროსაც შეხვდა დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. ვიზიტის დროს მან წამოჭრა საკითხი ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული მიკროჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ. აღნიშნული შეზღუდვები მალევე მოიხსნა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში და კაროლ ნავროცკიმ ეს თავის პირად მიღწევად წარმოაჩინა. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მას 5 790 804-მა ამომრჩეველმა (29,54%) და იგი მეორე ტურში გადავიდა რაფალ ტშასკოვსკისთან ერთად.
 
2025 წლის 22 მაისს კაროლ ნავროცკიმ  ხელი მოაწერა სლავომირ მენცენის მიერ მომზადებულ პროგრამულ დეკლარაციას, რომელიც შეიცავდა რვა მოთხოვნას.

კაროლ ნავროცკი მოყვარული ფეხბურთელი  და მოკრივეა. თამაშობდა გდანსკის საფეხბურთო კლუბში და იყო გდანსკის მოკრივეთა გუნდის წევრი. 2010 წელს დააარსა საბრძოლო ხელოვნების სექცია. მისი თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ძლიერი დარტყმით და ბრძოლის აგრესიული სტილით გამორჩეული, Wielki Bu მეტსახელით ცნობილი მმა-ს მძიმეწონოსანი მებრძოლის (2 შეხვედრა, 2 გამარჯვება), პატრიკ მასიაკის სპარინგ-პარტნიორი. მას და მის 1986 წელს მეუღლე მარტას ჰყავთ სამი შვილი: ერთმანეთზე ქორწინების შედეგად გაჩენილი ანტონი და კატაჟინა და მარტას პირველი ქორწინებიდან - დანიელი. 

მსოფლიო ლიდერთა უმეტესობას არჩევნებში რაფალ ტშასკოსკის გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კაროლ ნავროცკისთვის მილოცვაში და მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმედის გამოთქმაში.

კაროლ ნავროცკის გამარჯვება მიულოცა და „საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“ მასთან „კარგი თანამშრომლობის“ შესახებ იმედი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

„გერმანია და პოლონეთი არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრებიც არიან“, მოდით, „ერთად გავაძლიეროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა“ - განაცხადა თავის მილოცვაში გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

„აი, ეს მესმის! ვულოცავთ პრეზიდენტ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მის ფანტასტიკურ გამარჯვებას. მოუთმენლად ველით ვიშეგრადის თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერთად მუშაობას“ - დაწერა თავის სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. 

კაროლ ნავროცკის გამარჯვება მიულოცეს აგრეთვე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნეუსედამ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

„კარგი ახალი ამბავი“ უწოდა ცნობას კაროლ ნავროცკის გამარჯვების შესახებ „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა. 

„გარდიანის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი ბოლო იყო იმ ევროპელ ლიდერთაგან,  ვინც კაროლ ნავროცკის მიულოცა.

კაროლ ნავროცკის გამარჯვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტი რუსეთის მიერ გამოცხადებულია ძებნილად პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიის ძეგლების აღების გამო. ამასთან ერთად, რუსული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნავროცკი არა მოხოლოდ რუსეთს, არამედ უკრაინასაც აკრიტიკებს.

კაროლ ნავროცკის გამარჯვებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და პოლონეთის მმართველ კოალიციას. პოლონური მედიის ცნობით, დღეს საღამოს პოლონელებს სიტყვით დონალდ ტუსკი მიმართავს. არ გამორიცხავენ,რომ მან მმართველო კოალიციის ნდობის საკითხი დააყენოს. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთის სეიმის სპიკერმა, პარტიის „პოლონეთი 2050“ თავმჯდომარემ, შიმონ გოლოვნიამ, მმართველი კოალიციის ლიდერთა შეკრება კოალიციური შეთანხმების გადახედვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.