უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თანამდებობა დატოვა.

"ომის დროს კულტურის მნიშვნელობის შესახებ გაუგებრობის ტალღის გამო, პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება მივუტანე", - დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

20 ივლისს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს, ტკაჩენკოს თანამდებობიდან გადაყენება და ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა შესთავაზა. ზელენსკის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სრულმასშტაბიანი ომის დროს ბიუჯეტის თანხების კულტურულ პროექტებზე დახარჯვა.

კერძოდ, კულტურის სამინისტროს იდეამ, კიევში, სამშობლოს ფარზე საბჭოთა სიმბოლიკის უკრაინის გერბით ჩანაცვლებამ, რაც 28 მილიონი გრივნა დაჯდებოდა, საზოგადოების ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. იმისდა მიუხედავად, რომ საუბარი იყო არა სახელმწიფო სახსრებზე, არამედ კერძო სახსრებზე, სოციალური ქსელების უკრაინული სეგმენტი აქტიურად განიხილავდა, თუ რატომ აპირებენ მათი დახარჯვას ქანდაკების განახლებაზე და არა უკრაინული არმიისთვის დრონებზე. ხალხი არანაკლებ მკვეთრად გამოეხმაურა უკრაინის კულტურის სამინისტროს გეგმებს უკრაინელი ხალხის ჰოლოდომორ-გენოციდის ეროვნული მუზეუმის მშენებლობის დასრულებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონზე მეტი გრივნას (121 ათას ევროზე მეტი) გამოყოფას მოითხოვდა. ასევე, გააკრიტიკეს ტკაჩენკოს განზრახვა, უკრაინაში, სერიალების წარმოება, ომის დასრულებამდე აღედგინა.

ზელენსკიმ, მინისტრის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას, აღნიშნა: "მუზეუმები, კულტურული ცენტრები, სიმბოლოები, სატელევიზიო შოუები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა სხვა პრიორიტეტებია. იპოვეთ გარე-საბიუჯეტო სახსრები, არა სახელმწიფო". უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ საბიუჯეტო რესურსები სამართლიანად და სწორად არის გამოყენებული".

ტკაჩენკომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ომის დროსაც კი, "როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სახსრების დახარჯვა კულტურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითმფრინავებზე", რადგან "კულტურა არის ჩვენი იდენტობის და ჩვენი საზღვრების ფარი".