სერბი ძიუდოისტი, 2017 წლის მსოფლიო და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ნემანია მაიდოვი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სერბეთის სპორტული პრესა ნემანია მაიდოვის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა და ინფორმაციას ასეთი სათაურით აქვეყნებს:
„სკანდალი! ნემანია მაიდოვი ოლიმპიურ თამაშებზე პირჯვრის გადაწერის გამო ხუთი თვით დისკვალიფიცირებულია!"
ნემანია მაიდოვი სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში მართლაც წერს, რომ მან მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წერილი მის მიმართ დისციპლინარული სასჯელის გამოყენების შესახებ საქმის წარმოებაზე და აქვეყნებს მიღებული წერილის სქრინს და შემდეგ წერს, რომ მას თავის დაცვის მიზნით ბოდიშის მოხდა შესთავაზეს.
ნემანია მაიდოვი აღნიშნავს, რომ არაფერი სმენოდა შეჯიბრების მსვლელობის დროს რელიგიური ჟესტების გამოყენების აკრძალვის შესახებ და ის არასდროს მოიხდის ბოდიშს პირჯვრის გადაწერის გამო, რადგან ღმერთმა მისცა მას ყველაფერი, ღმერთმა აქცია ის მსოფლიოში N1 ძიუდოისტად, ის ამაყობს ამით და მისი მადლიერია.
ვწუხვარ, რომ ისეთი ლამაზი და რთული სპორტი, როგორიც ძიუდოა, ასე დაეცა.
ღმერთმა მშვენიერი კარიერა მომცა, 7 ევროპული და 3 მსოფლიო მედალი. როდესაც დავიწყე, ვოცნებობდი ერთი დიდი მედლის მოპოვებაზე მაინც. მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი გავიღეთ წარმატების მისაღწევად, თუმცა ღმერთმა გაცილებით მეტი მოგვცა და მის წინაშე ჩვენ დიდ ვალში ვართ. დავისვენებ და შემდეგ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემწეობით თავიდან შევყვები გზას ახალი წარმატებებისკენ , - წერს ნემანია მაიდოვი.
სერბი ძიუდოისტის მიერ გამოქვეყნებული სქრინიდან ჩანს, რომ იგი დისკვალიფიცირებულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტისა და ორგანიზაციის წესების 8.6 მუხლის დარღვევის გამო. მოტანილი მუხლების თანახმად, სპორტსმენის დისკვალიფიცირების პროცესის წამოწყების საფუძველი შეიძლება გახდეს შეჯიბრების დროს რელიგიური ჟესტის გამოყენება და ძიუდოისტის მიერ მსაჯების გადაწყვეტილების მიმართ უპატივცემულობის საჯაროდ გამოხატვა.
ნემანია მაიდოვს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წერილის სქრინის მხოლოდ ნაწილი აქვს გამოქვეყნებული და საქმეში ჩაუხედავი პირისთვის ძნელია დაადგინოს დისკვალიფიკაციის მიზეზის ყველა გარემოება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია კი არაფერს ამბობს, დისკვალიფიკაციის, ჩვენი აზრით, ძირითად და უმთავრეს მიზეზზე, რაც შემდეგში მდგომარეობს:
ნემანია მაიდოვმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იგი შიდოებით დამარცხდა განაცხადა:
„ეს სატანური ნაგავია... ეს ოჯახი სრულად არის მოწამლული... დისკვალიფიკაციას მაძლევენ სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ და რეალურად არ მაძლევენ საშუალებას, ვაჩვენო, რა შემიძლია... ეს თქვენი ღირებულებები, სპორტი და ოლიმპიური თამაშები – ჩვეულებრივი ნაგავია. ესაა და ეს. ჩემი ყველა ცრემლი შენ უკან მოგიბრუნდება, განავალო სატანისტო. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ მე გაგეჩერებინეთ, ნაძირლებო. ძიუდო სპორტის დაკარგული სახეობაა. შეხვედრის შედეგს 100%-ით მსაჯები განსაზღვრავენ... იყიდებიან ისინი, ვინც მზადაა თავი დახაროს, ჩემგან კი ამას ვერასდროს მოესწრებით. მე ასეთი მედალი არც მინდა, უბედურო ნაგავო. 4 წელი ყველაფერს ითმენ, ხმას არ იღებ, რადგანაც არ გინდა ოლიმპიადა გამოტოვო, ხოლო როდესაც ჩამოდიხარ, ისევ კლასიკა: სახლში ჯერ კიდევ მანამდე გიშვებენ, სანამდე გახურდები. თქვენ კიდევ, ჟურნალისტებო, წერთ, რომ მე წავაგე. არაფერი მსგავსი. მე არავის დავუმარცხებივარ. ეს გაცილებით რთული გასაკეთებელია. მე დისკვალიფიკაცია მომცეს 3 დარღვევისთვის, რომელთაგან არცერთი ყოფილა. ასე არ უნდა ხდებოდეს. ახლა, ამ სპორტში საუკეთესოები არ იგებენ. იგებენ ისინი, ვისაც ამის უფლებას სატანისტები მისცემენ. სწორედ ისინი არიან, ვინც ყველას თავზე აშარდავენ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა, თამაშის ასეთი წესების ფონზე დროის უქმად კარგვა არ მსურს. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება შევწირო ძიუდოს, მაშინ, როდესაც ამას არავითარი აზრი არ აქვს"(თარგმანი: europop.ge).
საიტი judoinside წერს, რომ ნემანია მაიდოვს 2018 წლის 10 აპრილსა და 2022 წლის 24 თებერვალს იმავე მიზეზით მიღებული გაფრთხილებების შემდეგ მისცეს დისკვალიფიკაცია და ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა დისკვალიფიკაციას მსგავსი ჟესტებით ცნობილი სხვა ძიუდოისტები, მაგალითად, ქართველი ლაშა ბექაური.
მისი ცნობით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განმარტა, რომ ნემანია მაიდოვს სანქცია დაეკისრა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კოდექსის შესაბამისად დაწყებული დისციპლინური პროცედურის შემდეგ.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დისციპლინარული დევნის წამოწყების და პროცესის მსვლელობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნემანია მაიდოვის მიმართ დევნის წამოწყების საფუძველი გახდა, ერთი მხრივ, მკაფიო რელიგიური ჟესტი, მეორე მხრივ კი ორთაბრძოლის ცერემონიის უპატივცემულობა, რაც მოწინააღმდეგისადმი ქედის მოუხრელობაში (იგულისხმება თავის დახრა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ - „აიპრესი"), ემოციების თავშეუკავლობაში, მსაჯებთან კამათში და ტატამიდან გასვლისას ქამრის ადრე შეხსნაში გამოიხატა. ამასთან, ფედერაცია მიუთითებს, რომ მაიდოვს ადრე ორჯერ მისცეს გაფრთხილება რელიგიური ჟესტის ჩვენების გამო.
ფედერაცია განმარტავს, რომ კომისიამ მაიდოვს ფაქტთან დაკავშირებით თავის ხედვის წარდგენა სთხოვა და მან კომისიას ვრცელი პასუხი დაუბრუნა. თავისი წერილის დასაწყისში მაიდოვს მოჰყავს თავისი მეგობრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის სიტყვები:
„მე პირველ რიგში ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და შემდეგ სპორტსმენი".
მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული კულტურა ძალიან დიდი და ძალიან ძლიერია. ასე რომ, ჩემთვის არის რაღაც მეტი, ვიდრე ნებისმიერი სპორტი და ნებისმიერი სამუშაო. ღმერთმა მომცა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დიდი ტიტული მოვიგე და მისი მადლობელი ვარ. ყოველი ბრძოლის წინ, როგორც ყველა სპორტსმენი, მე განვიცდი სტრესს და ერთგვარ შიშს და ვლოცულობ ბევრი რამისთვის, რაც მე თავდაჯერებას და ძალას მმატებს. მე ეს ნამდვილად ხშირად გამიკეთებია, დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. მე არასდროს არავის პროვოცირებას არ ვცდილობ, მეტიც, მეტ პატივისცემით ვიმსჭვალები სხვა რელიგიის წარმომადგენელი იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ რელიგიურ ჟესტებით გამოხატავენ თავიანთ განცდებს. და თუ ყოველი თამაშის წინ ასე იქცევიან როლანდო, მესი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ტომ ბრედი, ჰაბიბი, უსიკი და ა.შ. რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენ. ეს ადამიანის უფლება და, როგორც ვიცით, ღმერთი უდიდესია. ეს ოლიმპიური ცერემონიები მართლაც შემაშფოთებელი იყო ყველა ქრისტიანისთვის, ძალიან სატანური და უკონტროლო.
ამის შემდეგ მაიდოვი ძიუდოს წესების შეცვლის აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას 15-ჯერ მისცეს სამი შიდო. მისი თქმით, მას პარიზში ჩაუყარეს წყალში უზარმაზარი შრომა, როდესაც სამ წუთში სამი შიდო მისცეს სპორტსმენთან, რომელთანაც ხუთივე შეხვედრა ჰქონდა მოგებული. ყველამ იცის, რომ მე სპარტანული სტილის მიმდევარი ვარ და ბრძოლას არასდროს გავურბივარ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მგონი 20 შეხვედრიდან 18 წავაგე, როცა ეს ორი მსაჯობდა. არიან სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშებზე ამუშავებენ და შემდეგ შეჯიბრებაზე იყენებენ მსაჯების მოსატყუებელ მოძრაობებს. ისინი ტყუვდებიან და გაფრთხილებებს გაძლევენ. ძიუდო შიდოებზე ნადირობად გადაიქცა. მე ეს არ მჩვევია, მე ნამდვილი მებრძოლი ვარ, - წერს მაიდოვი და დასძენს:
მსაჯს 100%-იანი გავლენა აქვს მატჩის შედეგზე. ეს ჩვენთვის არაა კარგი. არაა კარგი სპორტისთვის. ბრძოლის ბედი ჩვენ(ძიუდოისტებმა) უნდა გადავწყვიტოთ და კოსტუმიანმა პოლიციამ. მსაჯთა კომიტეტმა მეტი უნდა იზრუნოს, რათა არ მოხდეს სულელური გადაწყვეტილებების მიღება.
ნემანია მაიდოვის წერილის შინაარსის გადმოცემის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წერს, რომ ბრალდებულმა აღიარა დარღვევა და კომისიამ განიხილა საქმის კონკრეტული გარემოებები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სანქციის დაკისრების მიზნით. კომისია დაეთანხმა მაიდოვის განმარტებას იმის შესახებ, რომ რელიგიური ჟესტი არ ისახავდა მიზნად მოწინააღმდეგის შეურაცხყოფას და ის შესრულდა არა უშუალოდ ტატამზე, არამედ მოშორებით, თუმცა ეს მოხდა დიდი აუდიტორიის თვალწინ. ამ გარემოების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას 2018 და 2022 წლებში საყვედური გამოუცხადეს და წერილობითი გაფრთხილება მისცეს, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აშკარად აპროტესტებდა შიდოს მინიჭებას, მსაჯის მიერ გამარჯვებულად მოწინააღმდეგის გამოცხადებას და
დატოვა ტატამი უკმაყოფილების გამომხატავი ჟესტებით, გაოიტანა გადაწყვეტილება ნემანია მაიდოვის 140-დღიანი დისკვალიფიკაციის შესახებ.
როგორც ვხედავთ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია დაუშვებლად მიიჩნევს მსაჯთა გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის საჯაროდ გამოხატვას, თუმც შეგნებულად თუ შეუგნებლად გვერდს უვლის იმ პროტესტის გამო მაიდოვის დასჯას, რომელიც მან მედიით გაავრცელა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს.
გადაწყვეტილება 31 აგვისტოს იყო გამოტანილი. მასში მითითებულია, რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს. სააპელაციო საჩივრის შეტანის შესახებ ნემანია მაიდოვი არაფერს ამბობს. არაფერ არ წერს არც სერბეთის სპორტული პრესა.