უკრაინული და რუსული სააგენტოები 1 სექტემბერს ერთმანეთისადმი მიყენებული სარაკეტო დარტყმების შესახებ იუწყებიან.

უკრაინული პრესის ინფორმაციით, მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ „დარტყმის მთავარი მიმართულებით (უკრაინული მედიის განმარტებით, იგულისხმება დონეცკის ოლქი - „აიპრესი") ვითარება რთულია, მაგრამ ყველა საჭირო გადაწყვეტილება ყველა დონეზე დაუყოვნებლად მიიღება.

სირსკი აღნიშნავს, რომ ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში უპირატესობის მიუხედავად, მტრის დანაკარგები დიდია.

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გაიზარდა რუსეთის სახმელეთო ძალების წინსვლის ტემპი დონეცკის ოლქის საკვანძო ლოგისტიკურ პუნქტ პოკროვსკის მიმართულებით და ამჟამად რუსული შენაერთები ქალაქის გარეუბნებიდან 10 კმ-ში იმყოფებიან.

უკრაინელები ადასტურებენ რუსეთის პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას სუმის რაიონის სოფელ ვერხნიაია სიროვატკას მახლობლად კოლონაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, თუმცა მათგან განსხვავებით აღნიშნავენ, რომ დაიბომბა არა 600 მეტრი სიგრძის კოლონა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად მიეშურებოდა, არამედ მარცვლეულის სატვირთო მანქანების კოლონა. უკრაინული მხარე ასევე არ ადასტურებს რუსების ვარაუდს დიდი მსხვერპლის შესახებ და წერს რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მძღოლი, ცეცხლი გაუჩნდა ერთ და დაზიანდა ოცი სატვირთო მანქანა.

როგორც ერთი, ისე მეორე მხარე წერს ბელგოროდის მიმართულებით დარტყმების შესახებ. რუსული მხარის ცნობით, ჩეხური ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემით ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 46 ადამიანი. 

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსეთს, კერძოდ კი მოსკოვს, 158 დრონი უტევდა და შედეგი მშვენიერია. ისინი აგრეთვე აქვეყნებენ ბელგოროდის დაბომბვის კადრებს და წერენ, რომ ეს არის პასუხი რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დღეს ხარკოვზე ათამდე დარტყმა განახორციელეს. დაჭრილია 41 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი.