რუსეთის მთავრობამ უარყო გაეროს მოთხოვნა, ორგანიზაციის ჰუმანიტარული მისიის შეშვების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ხერსონის რეგიონის ტერიტორიებზე, რომელიც კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შემდეგ დაიტბორა. ამის შესახებ, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა უკრაინაში დენის ბრაუნმა განაცხადა.

"გაერო მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი მიწოდების საკითხზე, მათთვის, ვინც კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კატასტროფული განადგურებით დაზარალდა", - ხაზგასმით აღნიშნა დენის ბრაუნმა.

იგი აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას, ხერსონის რეგიონში, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე წვდომის მცდელობის მხრივ. ბრაუნმა დასძინა: "მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად. დახმარება უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს სჭირდებათ."

18 ივნისს, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის ე.წ. "მთავრობის თავმჯდომარემ" ანდრეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო 17 დაღუპულის შესახებ იტყობინება, მათგან 13 დაიხრჩო, 4-მა კი, ევაკუაციის დროს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. კლიმენკოს თქმით, დაკარგულთა სიაში 31 ადამიანი რჩება.