2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს ასარჩევი, რაც სავარაუდოდ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას, ვეტო დაადო. ხოლო საკანონმდებლო უმრავლესობამ ვეტო დაძლია და ცვლილების შესახებ კანონის ამოქმედებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.
რამდენ ადამიანს აქვს სურვილი გახდეს ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრი ადმინისტრაციაში ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს და ამის ხმამაღლა საუბარს არც ერიდება.
"აიპრესთან" ინტერვიუში გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ კონკურსი მონაწილეობას მიიღებს, რადგან მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ცესკომ ჩაატარა რამდენიმე არჩევნები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩათვალეს.
_ "საარჩევნო კოდექსში" შევიდა ცვლილება და არც არავის გაუკვირდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად თქვენ დაგიჭერთ მხარს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები პარლამენტში. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თქვენ არ დაგიჭერთ მხარს და აცხადებენ, რომ კანონში შესული ცვლილება თქვენზეა მორგებული.
რას ეტყოდით ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აცხადებს, რომ ცესკო კარგად ვერ მუშაობს და თქვენ ასრულებთ ხელისუფლების დაკვეთას?
_ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თუ ადამიანი სწორად, გამჭვირვალედ და ღიად ახორციელებს თავის საქმიანობას, თანხვედრაშია მისი კანდიდატურა კანონმდებლობასთან, აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ინსტიტუცია მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს სწორად მართავს, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ახორციელებს საქმიანობას, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნები და არაერთი შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, რომელთა მიმართაც ასევე არ ყოფილა რაიმე არსებითი წუხილები გარდა უსაფუძვლო ბრალდებებით დისკრედიტაციისა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას აფილაციის მცდელობისა, ლოგიკური და ბუნებრივია, რომ ასეთი კანდიდატი, ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანებისთვის შესაძლოა იყოს საინტერესო მხარდაჭერის გამოსაცხადებლად და ეს თავის მხრივ აპრიორი არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, იმას, რომ ამ მხარდაჭერის გამო, შენ რაიმე პოლიტიკური კუთვნილება და მიკერძოება შეიძლება გქონდეს მხარდამჭერ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამასთანავე, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილება რაიმენაირად ჩემზე არის მორგებული, როგორც მინიმუმ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცვლილებით არჩევისთვის საჭირო კვორუმის ოდენობა გაიზარდა, რასაც არანაირი შემხება არ აქვს ჩემს კანდიდატურასთან და ის გავრცელდება ნებისმიერ იმ პირზე, ვინც იქნება კონკურსის მონაწილე.
რაც შეეხება ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ თითქოს კარგად ვერ ვმუშაობ და ხელისუფლების დაკვეთას ვასრულებ, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არ არსებობს არანაირი საფუძველი, ობიექტური არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვერ ვმუშაობთ. ალბათ, ზუსტად ის, რომ დღეს ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ღიად და ინკლუზიურად წარიმართება, ეს უფრო შეიძლება იყოს წუხილის საგანი, სხვადასხვა დაინტერესებული პირის , რათა ზუსტადაც რომ ასეთი უსაფუძვლო შეფასებებით გადაიფაროს ინსტიტუციის პროგრესი და განხორციელდეს ჩემი თუ სხვა წევრების აფილირება მმართველ პარტიასთან.
აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობა, კონკრეტული პერსონალიების, ცესკოს თავმჯდომარე იქნება თუ კომისიის წევრები, რომლებსაც შეეხება ცვლილებების შედეგად კონკურსები, რომელიც უახლოესს პერიოდში გამოცხადდება, რომ შეფასება განხორციელდეს ობიექტურად, განვლილი საქმიანობით, გადაწყვეტილებებით და არა საფუძველს მოკლებული შეფასებებით, რომლის მიზანი, ჩემი ვარაუდით შეიძლება იყოს მხოლოდ დისკრედიტაცია და გადაფარვა იმ პროგრესის, რომელიც ზუსტადაც რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ინსტიტუციამ აჩვენა თავისი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით. შესაბამისად მე ვისურვებდი რომ პოლიტიკურმა გაერთიანებების, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილი და განიხილავენ კონკრეტული პირის არჩევის საკითხს, გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ ინტერესებს, რომლის მიზანი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად განვითარება, გამყარება და განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში , რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
ჩემი აზრით, ეს არის ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ხედვა, მით უმეტეს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ამ პროცესისთვის ინსტიტუციის დაკომპლექტება გრძელვადიანი წევრებით განხორციელდეს იმდაგვარად, რომ ხელი შეეწყოს ცესკოს დამოუკიდებლობას, ნეიტრალიტეტს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასახული იყოს ჩვენი სამუშაოს ხარისხზე.
ჩვენ ვაჩვენეთ ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა, მაქსიმალური გამჭვირვალობა და დღეს არ არსებობს არცერთი ისეთი შემთხვევა, გადაწყვეტილება, მოქმედება ჩვენს საქმიანობაში, რომელიც მიუთითებს იმას, რომ რომელიმე ეს პირი იყო მიკერძოებული ან არ იყო დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და გადაწყვეტილებაში.
_ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გწყალობთ. თქვენი აზრით, რატომ?
_ ცხადია, რომ ყველასთვის მოსაწონი შესაძლოა ვერ იყოს ადამიანი, მით უმეტეს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერვისებს, საქმიანობებს და აქტივობებს, ყველა ჩართული მხარისთვის, თანაბრად ვახორციელებთ. თუმცა მნიშვნელოვანია ამ არ წყალობის მიღმა, შევაფასოთ, რა არგუმენტაციას, ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებას ეფუძნება ეს ყველაფერი, არის თუ არა რეალისტური, ობიექტური, თუ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია. საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფუძვლო და არასწორი შეფასებებით პერსონალიების, ინსტიტუციისა თუ ნებისმიერი პროცესის, შესაძლოა განხორციელდეს წინასაარჩევნო პერიოდის დაზიანება, რამაც შესაძლოა ნეგატიური ასახვა პოვოს არჩევნების მთლიანობაზე.
ზოგადად, თუ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებითი ყურადღების მიქცევას, რა თქმა უნდა მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან თუ ჩართულ მხარესთან ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პლატფორმების ფარგლებში, თუ ინდივიდუალურად და გვქონდეს სათანადო რეაგირება ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით. დანარჩენი ამ ყველაფრის მიღმა, რაც დაცლილია ობიექტური შეფასებისგან, სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მტკიცებულებებისგან, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეფასების და მოსაზრებების ნაწილია.
_ "ლელოს" წარმომადგენელმა ცესკოში გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ცესკო გავლენების ქვეშ მოაქციეს და "ქართულმა ოცნების" მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს და მისი მორჩილი, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები.
_ ის რომ ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ან რომელიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ცესკო ან ცესკოს რომელიმე კომისიის წევრი მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასებაა. პირველ რიგში არ არსებობს პრაქტიკაში არცერთი ისეთი ობიექტური გარემოება, მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ცესკოს ხელმძღვანელის ან რომელიმე პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრის დაკავშირებაზე ან გავლენების ქვეშ ყოფნაზე მმართველ პარტიასთან.
ამას გარდა, როდესაც საუბარია, თითქოს ამ ცვლილებებით დაიქვემდებარა კომისია და ვინმეს მორჩილებაში გადადის ცესკო და ასე შემდეგ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კომისია შედგება 17 წევრისგან, აქედან 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრი, ხოლო 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრი, საიდანაც დღევანდელი მოცემულობის პირობებში, ერთი წარმოადგენს მმართველ პარტიას, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ კომისია მორჩილებაში იმყოფება, ბუნებრივია ეს შეფასება უსაფუძვლოა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ წარმოდგენილია 9 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი, ამას გარდა ყველა 17-ვე წევრს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხმის უფლება კომისიურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რაც თეორიულადაც, არათუ პრაქტიკულად, გამორიცხავს რაიმენაირად დაქვემდებარების შემთხვევას.
ასეთი ტიპის შეფასებები შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ განვიხილოთ, როგორც ცესკოს მორიგი დისკრედიტაციის მცდელობა და ზოგადად ინსტიტუციის პროგრესის და გამჭვირვალე საქმიანობის გადაფარვის მცდელობად.
_ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი თუ წინ?
_ რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილების შეფასებას, რომელიც არა პროცედურულ, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკურ კონტექსტთან არის დაკავშირებული, ცხადია ასეთი ტიპის შეფასება ვერ იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის განხილვის და შეფასების საგანი.
ასევე ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ცესკოს დაკომპლექტებას, ან სხვა ისეთ მოწესრიგებას, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების და დისკუსიის საგანი იყო, არ განეკუთვნება ჩვენი ინსტიტუციის შეფასებას.
ჩვენ ვმოქმედებთ, მოქმედი კანონის შესაბამისად და ვასრულებთ იმ რეგულაციებს, რომელსაც კანონმდებელი ადგენს.
_ პარლამენტის თავმჯდომარემ ცესკოში თანამდებობებზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მიიღებთ თუ არა მონაწილეობას?
_ დიახ! ლოგიკურია, რომ როდესაც დაწყებული გაქვს მასშტაბური პროექტები, რომელიც უკავშირდება მოახლოებული არჩევნების ჩატარებას, გამოწვევების მართვა, რომელიც დღეს უწყების წინაშეა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში მოახლოებულია არჩევნები, ცხადია პასუხისმგებლობა თავის მხრივ გულისხმობს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას, მათ შორის დამატებით იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობით შევიძინე. შესაბამისად, ვაპირებ, რომ შევთავაზო საკანონმდებლო ორგანოს ჩემი კანდიდატურა განსაზღვრულ ვადებში და რა თქმა უნდა თუ მომეცემა შესაძლებლობა, სათანადო ნდობის მოპოვების შემთხვევაში, გავაგრძელო საქმიანობა და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული მნიშვნელოვანი საქმიანობები.
_ ღიად ამბობენ, რომ პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას ვეტო იმიტომ დაადო, თქვენ არ ყოფილიყავით ისევ ცესკოს თავმჯდომარე. რას გერჩით პრეზიდენტი?
_ როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ვეტოსთან, თუ ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ არსებულ სხვა პროცედურებთან მიმართებით ჩვენ არ წარმოვადგენთ შესაბამის პირებს თუ ორგანოს, მოვახდინოთ მათი შეფასება. თუმცა, რაც შეეხება თავად პრეზიდენტის განწყობას თუ დამოკიდებულებას ჩემთან მიმართებით, ჩემთვის უცნობია, გარდა მის მიერ საჯაროდ გამოთქმული პოზიციისა, სადაც ხაზგასმული იყო ჩემი პროფესიონალიზმი და მის მიერ ვეტოს დასაბუთებაშიც ზოგადად არ იკითხებოდა კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით რაიმე მოსაზრება.
ავტორი ირმა მესხია