ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სააღდგმო ეპისტოლეშია ნათქვამი.


უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.
ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.
დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ! - სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2024 წელი