პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა… - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სააღდგმო ეპისტოლეში ნათქვამი.


"იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, – დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.
გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:
იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.
წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.
პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას – ჯვარს ეცვათ იგი.


სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება. - ნათქვამი ილია მეორეს სააღდგომო ეპოსტოლეში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)