სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის კაშხლის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის რეგიონს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ამ კატასტროფის გამოსაძიებლად და მუშაობა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით დაინახეს რუსული ტერაქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მონაწილეობს და გააგრძელებს წვლილის შეტანას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ყველაზე დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებაში.
„ამ პროცესში შეძლებისდაგვარად ჩართულია ჩვენი ყველა სამართალდამცავი უწყება და სხვა ინსტიტუტი. გვაქვს სრული წვდომა დაზარალებულ რაიონებში მოწმეებთან, ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე. ეს გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსი ტერორისტებისა და თავად ტერორისტული სახელმწიფოს სრული და სამართლიანი პასუხისმგებლობა არის შეუცვლელი წინაპირობა იმისა, რომ მსოფლიოში ასეთი ბოროტება აღარ განმეორდეს.