ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს აქვს მტკიცებულებები, რომ კურსკის ოლქში მებრძოლ ჩრდილოკორეელ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. იუწყება Reuters.
მას დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა არ დაუსახელებია.
რაიდერის ინფორმაციით, რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 12 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებში არიან ინტეგრირებული და მათ ძირითადად ქვეითებად იყენებენ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე, სავარაუდოდ, ცდილობს, ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი დამალოს.
"წინასწარი ცნობებით, რუსები ცდილობენ, ჩრდილოკორეელების დანაკარგი დამალონ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა არკვევს სრულ ინფორმაციას რუსეთის ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომლებშიც ჩართულები არიან ჩრდილოკორეელებიც. სამწუხაროდ, გვიწევს მათგანაც თავის დაცვა", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, გასული კვირის ბოლოს კურსკში დაიღუპა ან დაშავდა, სულ მცირე, 30 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი