პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც განსაცდელი ყოფილა ეკლესიის წიაღში თუ ერის წიაღში და პატრიარქს უთხოვია წმინდა გიორგისთვის, წმინდა ნიკოლოზისთვის, რომ დახმარებოდნენ მას.
„წმინდა გიორგი არის განსაკუთრებული მეოხი ჩვენთვის წინაშე უფლისა და ყველანაირ საქმიანობაში გვეხმარება ჩვენ. თუ გახსოვთ, პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც განსაცდელი ყოფილა ეკლესიის წიაღში თუ ერის წიაღში. პატრიარქს ჩუმად, მარტოს და ჩვენს გასაგონადაც ბევრჯერ უთხოვია წმინდა გიორგისთვის, წმინდა ნიკოლოზისთვის, რომლებიც არიან ჩვენი ერისა და ეკლესიის მფარველები, რომ ისინი, როგორც ყოველთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დახმარებოდნენ მას. გაეძლიერებინათ ლოცვაში და მათი ლოცვით გადარჩენილიყო ქვეყანა, ეკლესია თუ ის კონკრეტული მდგომარეობა გამოსწორებულიყო. ბევრჯერ იყო ასეთი შემთხვევა. ბევრჯერ ვართ ხილულად მოწმე ამ ყველაფრის“, - აღნიშნა მან.
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის თქმითვე, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა. შემთხვევით არ აღვნიშნე წმინდა გიორგი, პატრიარქი. ძალიან მალე, დაახლოებით ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ღვთის მადლით, კათოლიკოს-პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, უპირობოდ, ვინ როგორც არ უნდა ჩათვალოს ჩემი ნათქვამი, აღსრულდეს ნება ღვთისა და თითოეული ჩვენგანი ამისთვის უნდა იღვწოდეს. ამისთვის უნდა ლოცულობდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ, მასზე მაღლა უნდა დავდგეთ როდესაც საქმე ეხება ღვთის ნებას. იმედი მაქვს, რომ ღვთის ნება აღსრულდება“, - განაცხადა მან.










