გილოცავთ გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, უფალი სულიწმინდის მადლს იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს.

„ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. „განზოგება“ ნიშნავს „ნახევარს“, უფრო სწორად – „განახევრებას“. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე ორმოცდაათდღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა ეკლესიაში, ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრეტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები. ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). ასეთი საოცარი სიტყვებია. საოცარი არის ასევე ის, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს: „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან. ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ“ (ეს. 55, 1). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან“ (ეს. 12, 3). ნახეთ, როგორ ჰგავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ე.ი. წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ ვთქვათ მასზე. რა საოცარი სიტყვებია! თუკი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა სულიწმინდის მადლით მსოფლიოს, ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „ჰოი, ქრისტე ღმერთო, წყაროო ჩვენისა ცხორებისაო, დიდება შენდა“.

ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს: „ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“? – ის გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით სწამს მისი და უყვარს იგი; ხოლო „ცოცხალი წყალი“ რას ნიშნავს? – ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს. ადამიანი როდესაც უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი. ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით, ყველგან ჩანს ეს მადლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. მათ შორის წმინდა დიდმოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი.

რატომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“? იმიტომ, რომ მან დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით, შემდგომ რომ აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“. თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, მხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა – ეშმაკის ძალა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით ამას ვერ იზამდა. სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის ამ ბოროტების დამარცხება, იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, წმინდა გიორგი შეეწიოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგვლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ! ქრისტე აღდგა! გაიხარეთ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ქადაგებისას ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: „მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ“.