ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა The New York Times-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სავარაუდოდ, უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის.

კიევი კონვენციით აკრძალული ბომბის გადაცემას დიდი ხანია ითხოვდა. თუმცა, აშშ ამისგან თავს იკავებდა, რადგან კასეტური ბომბების გამოყენებისას ხშირია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

უკრაინა აცხადებს, რომ ეს იარაღი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევაში დაეხმარება, რათა ეფექტურად დააზიანონ კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები.

რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ლორა კუპერმა გასული თვის ბოლოს ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ პენტაგონმა დაადგინა, რომ კასეტური საბრძოლო მასალა სასარგებლო იქნება უკრაინისთვის, "განსაკუთრებით ბრძოლის ველზე რუსული თხრილების წინააღმდეგ."

აშშ-ის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია პირველად ეროვნულმა საზოგადოებრივმა რადიომ გაავრცელა და ოთხშაბათს ღამით ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომელმაც The New York Times-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე, რუსულ ჯარებს თვეები ჰქონდათ მოახლოებული თავდასხმისთვის თავდაცვის ხაზების მოსამზადებლად. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში თხრილები და სატანკო ხაფანგები ააგეს, ასევე ფრონტისპირა ტერიტორია დანაღმეს. უკრაინა და ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებენ, რომ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინულ ძალებს ამ თავდაცვის ხაზების გადალახვაში დაეხმარება.

თებერვალში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან იარაღის სწრაფი მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში კიევის წინსვლისთვის გადამწყვეტი იქნება.

"ეს ჩვენი ტერიტორიაა. მე მესმის, რამდენად რთულია ყველა ეს კონვენცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათთან საბრძოლველად ჩვენს ტერიტორიაზე გამოვიყენოთ," - თქვა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. "ჩვენი მოკავშირეები, აშშ, მრავალი სხვა ქვეყანა, მათ აქვთ ასეთი ტიპის მილიონობით ჭურვი. ისევ დაველოდებით, დაველოდებით, დაველოდებით და უცებ ერთ დღეს, ალბათ, მივიღებთ ამ ტიპის საბრძოლო მასალას."