ბელგოროდის ოლქში ოპერაციის დროს, რუსეთის ტერიტორიაზე არც ერთი უკრაინელი მეომარი არ შესულა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინელ სამხედროებს უპირატესად დამხმარე ფუნქცია აქვთ, ისინი რუსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე იცავენ უკრაინის საზღვარს რუსების შეტევის შემთხვევაში.
როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, ქვედანაყოფებმა, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ უმნიშვნელო დანაკარგი განიცადეს, რაც მათ ბრძოლისუნარიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. წყაროს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
22 მაისს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და ლეგიონმა "რუსეთის თავისუფლება" განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში შევიდნენ და რეგიონის დასახლებულ პუნქტებს რუსეთის ხელისუფლებისგან ათავისუფლებენ. მათი თქმით, რუსეთის გათავისუფლება სოფლებიდან - კოზინკიდან და გორა-პოდოლიდან დაიწყეს. ამასთან, აღნიშნული დანაყოფების განცხადებით, მათი მიზანია, რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხოს.
იმავე დღეს, ოლქის ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა.
უკრაინული მხარის განცხადებით, ბელგოროდის ოლქში ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად "უსაფრთხოების ზოლს" ქმნის.