„არმენპრესის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გეგარკუნიკის რეგიონში, სოფელ ლჩაშენის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ექსპორტის უსამართლო ბარიერების შემთხვევაში, მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და დახმარების პროგრამებს, ასევე დაეხმარება მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ახალი ბაზრების პოვნაში.

„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა შემთხვევაში, სადაც ექსპორტის უსამართლო ბარიერები არსებობს, ჩვენ განვახორციელებთ დახმარების პროგრამებს, რომლებიც ამ საქონლის სუბსიდირებას მოახდენს, რათა ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს“, - თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბარიერები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან. მან დასძინა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ექსპორტირებული საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია <წავახალისოთ> დაბალი ხარისხის საქონლის ექსპორტი ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ.ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროდუქციის ახალ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - ხაზგასმით აღნიშნა პაშინიანმა.

მან დასძინა, რომ სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე.

„ჩვენი რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია დღეს უკვე გაემგზავრა. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდის, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე.

„ჩვენ ვაწარმოებთ 100 ტონა წიწაკას და არ უნდა გავიტანოთ 90 ტონა ერთი მიმართულები. უნდა გავიტანოთ 25 ტონა ოთხი მიმართულებით და შემდეგ ხუთი, ექვსი და შვიდი მიმართულებით. ეს არის ფორმულა, რომელზეც ვისაუბრე: დამოუკიდებლობა არის უმცირესობაზე დამოკიდებულების ჩანაცვლება მრავალზე დამოკიდებულებით“, - თქვა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაშინაც კი, თუ საექსპორტო ბარიერები დააზარალებს ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, მთავრობა მზადაა, აუნაზღაუროს ეკონომიკური სუბიექტების დანაკარგები. „წიწაკა ლპება, ვარდი ლპება, მთავრობა გადაიხდის ამას, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგად, სომხეთში წიწაკის წარმოება გაიზრდება და ექსპორტიც გაიზრდება“, - განაცხადა პაშინიანმა.

ცნობისთვის, „როსსელხოზნადზორმა“ 2026 წლის 2 ივნისიდან სომხეთიდან ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამას და ყურძნის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ფიტოსანიტარიული სტანდარტების დარღვევით და სომხური პროდუქციის მიწოდებაში დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობის ზრდით დაასაბუთა. რუსეთმა ადრეც შეზღუდა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და მარწყვის იმპორტი. ამჟამად, რუსეთი კრძალავს სომხეთიდან ყვავილების, თევზის პროდუქტების, გარკვეული ალკოჰოლური სასმელების და ჯერმუკის მინერალური წყლის იმპორტს.