მოსადის ყოფილმა უფროსმა იოსი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ღაზაში, მშვიდობიანი მოსახლეობის უკიდურესი სიმჭიდროვის გათვალისწინებით, უფრო რთული იქნება.

"სამხრეთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ბევრად უფრო რთული იქნება," - აღნიშნა კოენმა მე-12 არხთან ინტერვიუში. "ეს არ გვაძლევს დიდ სივრცეს მოქმედებისთვის."

მისი თქმით, ასეთი რეალობა ოპერაციის ჩატარებას "გაართულებს," ასევე გაიზრდება საერთაშორისო ზეწოლა და აშშ-ის შეშფოთება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე.

კოენმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე "ძნელია იმის თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება" მიზნების მიღწევას.

"ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ჰამასი საერთოდ ვეღარ ისვრის ჩვენკენ… და როდესაც მას აღარ ექნება სამხედრო შესაძლებლობები." - აღნიშნა მოსადის ყოფილმა უფროსმა.

მისი თქმით, ის "დარწმუნებულია... რომ ერთადერთი რამაც ჰამასს ჩვენთან საუბარი დააწყებინა, ეს არის ისრაელის ძალების მასიური საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია" და ამიტომ თვლის, რომ ბრძოლაში დაბრუნება არის "სწორი" დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად.

"და ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ბოლო მძევალი არ იქნება ჩვენს ხელში." - აღნიშნა მან.

კოენმა დასძინა, რომ ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი "ხედავს იმას, რაც მან უკვე დაკარგა" და ისრაელი "მას უნდა მისწვდეს... ეს კაცი არ უნდა არსებობდეს."

მოსადის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ ისრაელს "არ სურს ომის შემდეგ ღაზას სრული კონტროლი," მაგრამ შესაძლოა იყოს უსაფრთხოების ძალების გარკვეული წარმომადგენლობა.

მისი თქმით, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბულმა ქვეყნებმა შეიძლება ასევე ითამაშონ როლი ღაზას სექტორის მართვაში, მაგრამ პალესტინის ხელისუფლება ამას მარტო ვერ გააკეთებს.