აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალე გახდება ცნობილი უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ ახალი ინფორმაცია, რომელიც პენტაგონის დონეზე იყო შეჩერებული. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემა წერს, რომ რუბიოს განცხადებით, "ძალიან მალე" გახდება ცნობილი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც პენტაგონის დონეზე აჭიანურებენ.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ პეტიციის განხილვის გაგრძელებას მისცა ხმა.

მანამდე, ორივე პარტიის სენატორთა ჯგუფმა გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იმის გამო, რომ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპაში სხვა მოკავშირეებისთვის 600 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარების გამოყოფა ჭიანურდება.