ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ „პუტინს 9 მაისის აღლუმის ორგანიზება მხოლოდ ზელენსკის ოფიციალური საპრეზიდენტო ბრძანებულებით შეუძლია“.

კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მარკ რუტემ რუსეთის დანაკარგებზე ისაუბრა და საჯაროდ მოუწოდა რუს ახალგაზრდებს, რომ არ ენდონ კრემლის პროპაგანდას.

„მაშინ, როდესაც უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევს, რუსეთი სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარდება. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა 1980-იან წლებში ავღანეთის ომის მთელი ათწლეულის განმავლობაში დაკარგა. ეს მართლაც შოკის მომგვრელი ციფრებია“, – აღნიშნა რუტემ.

ამის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ მიმართა რუს ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს.

„რუსული პროპაგანდა გატყუებთ. შენნაირ ახალგაზრდებს ომში საკმარისი სამხედრო მომზადების გარეშე გზავნიან. აღჭურვილობა, რომელსაც მოგცემენ, დაბალი ხარისხის იქნება. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკრაინაში დაიღუპები ან დაიჭრები, ხოლო თუ დაიჭრები, დიდი შანსია, რომ მიგატოვონ და დახმარების გარეშე დაგტოვონ. ამიტომ, როდესაც ათიათასობით რუსულ მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქტული ციფრები არ არის – ეს შესაძლოა, სწორედ შენ იყო“, – განაცხადა რუტემ.