სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

მისი თქმით, სტანდარტი ამბობს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები.

„მთავარი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ ფორმებთან დაკავშირებით ამდენს იმიტომ კი არ ვმსჯელობთ, რომ გვინდა რაღაც დეტალები შელამაზდეს. პირდაპირ მინდა გითხრათ, სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები. დაწყებული ხარისხიდან, გაგრძელებული, რისგან უნდა შედგებოდეს ნაჭერი, მედეგობა, მდგრადობა, საღებავი, რით უნდა იყოს დამუშავებული თვითონ სასკოლო ფორმა. ჩვენ არ დაგვჭირდა რაიმეს მოფიქრება ან გამოგონება იმისათვის, რისგან უნდა შედგებოდეს და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო ფორმა.

როდესაც ინკლუზიაზე ვლაპარაკობთ, თანასწორობაზე, ზოგადად, ინკლუზიაზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. სწორედ ამ სტანდარტებს მივყევით ჩვენ და შესაბამისად, ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.