აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებით იმედგაცრუბულია და აღნიშნა, რომ მისი პარტია 2028 წელს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაიბრუნებს.

„რესპუბლიკელებისთვის რთული ღამეა. შედეგებით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ საკმაოდ რთული წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწია. 2028 წელს წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამ საარჩევნო კამპანიის პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შესანარჩუნებლად საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიული ტენდენციის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით. ბოლო 90 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი პარტიისთვის პირველ ორწლიან საარჩევნო ციკლში ადგილების მოპოვება ან შენარჩუნება შეძლო. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამის დაძლევა ძალიან, ძალიან რთულია. როგორც ჩანს, ამჯერადაც ისტორიული ტენდენცია შენარჩუნდება“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

„წინ ხანგრძლივი ღამე გველოდება. დასავლეთის ზოგიერთ შტატში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ არ დახურულა. როგორც კი საბოლოო შედეგებს გავიგებთ, მომდევნო დღეებში შუალედურ არჩევნებზე გაცილებით მეტს ვისაუბრებ“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

ცნობისთვის, „ენბისი ნიუსის“ პროგნოზით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია მოიპოვებს და დაახლოებით 244 მანდატს მიიღებს. „სიენენის“ პროგნოზით, ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში დემოკრატი კანდიდატები რესპუბლიკელებს ამარცხებენ, დემოკრატმა გაიმარჯვა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებშიც.