პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ კვორუმის ახალი ინტერპრეტაცია დაამკვიდრა — სხდომისთვის კვორუმი 15-ის ნაცვლად 12 მოსამართლიდან დაითვალა და 8 ხმით 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეთა საერთო კრება სამშაბათს, ანა კორვინ-პიოტროვსკას თავმჯდომარეობით გაიმართა.
სხდომის დასაწყისში პიოტროვსკამ განაცხადა, რომ დარბაზში 8 მოსამართლე იმყოფება, ხოლო კრებაში მონაწილეობის ვალდებულება სულ 12 პირს აქვს.
მისი განმარტებით, კანონში თუ წერია, რომ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ორი მესამედი, ეს ნიშნავს, რომ რიცხვი ყოველი სხდომისთვის ცალკე უნდა გამოითვალოს. 12-დან ორი მესამედი კი 8-ია.
ამიტომ, პიოტროვსკას თქმით, „არის კვორუმი საერთო კრებაზე ეფექტიანი და ნამდვილი გადაწყვეტილების მისაღებად მომავალი წლის შემოსავლებისა და ხარჯების პროექტზე".
სიიდან ამოღებულნი არიან პრეზიდენტი ბოგდან სვენჩკოვსკი და ვიცე-პრეზიდენტი ბარტლომეი სოხანსკი, რომელთა მიმართაც 30 ოქტომბერს პიოტროვსკამ სამსახურებრივი საქმიანობის შეჩერების განკარგულება გამოსცა, ასევე მოსამართლე იაროსლავ ვირემბაკი, რომლის არჩევაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხარვეზიანად მიიჩნია.
სხდომამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო — 8 ხმით, ნულის წინააღმდეგ.
გამოხმაურება:
ეს კონკრეტული ნაბიჯი — კვორუმის დაწევა 10-დან 8-მდე — პოლონურ მედიაში მწვავედ გააკრიტიკეს.
პროფესორმა მარჩინ მატჩაკმა 2 ნოემბერს პირდაპირ ამ სხდომამდე განაცხადა, რომ არ უნდა შეიცვალოს კვორუმის დათვლის წესი. მისი თქმით, ასეთი ინტერპრეტაცია შექმნის პრეცედენტს, რომელიც მცირე ჯგუფს საშუალებას მისცემს მთელი ინსტიტუტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები.
მატჩაკი იხსენებს, რომ კონსტიტუციის 194-ე მუხლით ტრიბუნალი 15 მოსამართლისგან შედგება, ხოლო კანონის მე-8 მუხლი ითხოვს „მოსამართლეთა საერთო რაოდენობის“ ორ მესამედს, ანუ 10-ს და არა „ამჟამად დაშვებულთა“ რაოდენობას.
პოლონურმა პორტალებმა ეს ნაბიჯი „კრეატიულ მათემატიკად“ შეაფასეს — „ორი მესამედი 15-დან არის 10 და არა 8“.
ევროპული ინსტიტუტები ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ და კრიზისს მთლიანობაში აკვირდებიან.
წყარო: „ძენნიკი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




