პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის და მის მიერ დაწინაურებული სასამართლო სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგ შაბათს, 4 თებერვალს, თელ-ავივის ცენტრში მასიური საპროტესტო აქციები გაიმართა. სააგენტო AFP იტყობინება, რომ ათასობით ისრაელი გამოვიდა ქუჩებში, dpa-ის ცნობით, 40 ათასი. AFP-ის ცნობით, მსგავსი აქცია ისრაელის 20 ქალაქში ჩატარდა.

თელ-ავივში ბევრს ხელში ეჭირა ისრაელის დროშები, ზოგს - პლაკატები. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა: "დაიცავი ისრაელის დემოკრატია ნეთანიაჰუსგან". შეკრებილები "თავისუფლებას, თანასწორობას, კარგ მმართველობას" ითხოვდნენ.

თელ-ავივში ეს მეხუთე მსგავსი აქციაა. პროტესტი არ ცხრება 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ნეთანიაჰუს კაბინეტი, რომელსაც ექსპერტები, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენეს უწოდებენ. ნეთანიაჰუ ეყრდნობა ულტრამემარჯვენე და ულტრამართლმადიდებლური პარტიების მხარდაჭერას.

ახალი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ინიციატივა იყო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის, იარივ ლევინის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმა. იგი გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს უფლებამოსილებები შეიზღუდება იმ სიტუაციებში, როდესაც საქმე ეხება კანონებსა და მთავრობის გადაწყვეტილებებს, კაბინეტი ასევე მიიღებს კონტროლს მოსამართლეთა შერჩევაზე. ამრიგად, პარლამენტის უმრავლესობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს კანონი, მაშინაც კი, თუ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება, აღნიშნა dpa-მ.

ჰაიფაში აქციის მონაწილეებს შორის იყო ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი იაირ ლაპიდი. "ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას, რადგან არ გვინდა არადემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება", - ხაზგასმით აღნიშნა ლაპიდმა.

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი თაღლითობაში, კორუფციასა და ღალატში ედება. პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს. თუ სასამართლო მას კორუფციაში დამნაშავედ ცნობს, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დარჩენილი ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთაა. ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ბრალდება წაუყენეს თანამდებობაზე ყოფნის დროს.

პირველი საპროტესტო აქცია 7 იანვარს თელ-ავივში გაიმართა, აქციაში 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კვირის შემდეგ 80 000 მომიტინგე გამოვიდა თელ-ავივის ქუჩებში.