შეერთებული შტატები და "მესამე ქვეყანა" მონაწილეობენ ისპაანში, თეირანიდან სამხრეთით 340 კილომეტრში, ირანში, სამხედრო ქარხანაზე დრონით თავდასხმაში. ამის შესახებ Twitter-ზე Clash Report მიკრობლოგმა დაწერა, რომელიც სპეციალიზებულია ოპერაციულ ამბებზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული არაბულენოვანი საინფორმაციო არხის, Al-Arabiya-ს წყაროებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა (WSJ), ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ ადამიანებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში თავდაცვით კომპლექსზე თავდასხმა ისრაელის მიერ აშშ-სთან ერთად განხორციელდა, რაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული და სამხედრო ამბიციების დასუსტების კამპანიის ნაწილი იყო.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე შეიძლება ბალისტიკური რაკეტების საწყობი ყოფილიყო. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს "წარუმატებელი თავდასხმა" უწოდა და პასუხისმგებლობა კონკრეტულ ქვეყანას ან ჯგუფს არ დააკისრა. ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დრონი ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი ორი თავდაცვით ხაფანგში მოხვდა, რამაც მხოლოდ "მცირე დაზიანება" გამოიწვია.

აფეთქება ასევე მოხდა საავტომობილო ზეთის ქარხანაში, აზარშაჰრში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. Al-Arabiya-ს ცნობით, აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რაშტში (გილანის პროვინცია) და თეირანში, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ისპაანის დარტყმა იყო პირველი ცნობილი თავდასხმა, რომელიც სავარაუდოდ ისრაელის მიერ ახალი, მემარჯვენე კოალიციური მთავრობის დროს, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით განხორციელდა. WSJწერს, რომ სწორედ მისი მმართველობის დროს (2009-21 წლებში) ატარებდა ისრაელი ირანში მსგავს ოპერაციებს.