მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სახმელეთო შეტევა დაიწყო, ათასობით მცხოვრებმა ტერიტორიიდან გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა ანკლავში მყოფი ადამიანების ნაწილი გადაადგილებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინის განცხადებით, მომდევნო დღეებში სახმელეთო ოპერაციას კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი შეუერთდება, რათა „ჰამასის” იმ 3 000-მდე მებრძოლს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ისრაელის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან.
მისი თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანი „ჰამასის” ტყვეობაში მყოფი მძევლების დაბრუნება და დაჯგუფების სრულად განადგურებაა. ეფი დეფრინი ასევე პირობას დებს, რომ ოპერაცია ამ მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
„სახმელეთო ოპერაციის შემდეგი ეტაპი დავიწყეთ. ოპერაციის მიზანი მძევლების დაბრუნება და „ჰამასის” დამარცხებაა. ვმოქმედებთ ორგანიზებული გეგმის მიხედვით, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურების მიერ არის შემუშავებული. ამ დროისათვის ქალაქი 350 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა,” – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.
ცნობისთვის, ღაზაში სამხედრო ოპერაცია ახალ ეტაპზე გადავიდა. სახმელეთო ჯარები ანკლავის მთავარ ქალაქში უფრო ღრმად გადაადგილდებიან.
თარგმანი: პირველი არხი