ევროპის მაუწყებლობის კავშირის გენერალური ასამბლეის მომავალი სხდომის წინ ესპანეთის რადიო და ტელევიზიის კორპორაციის (RTVE) დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე, თუ მასში მონაწილეობის უფლებას ისრაელს მისცემენ.
ესპანეთი ევროვიზიის დამფინანსებელი დიდი ხუთეულიდან (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი) პირველი გახდა, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გასვლით იმუქრება.
RTVE-ს დირექტორთა საბჭომ, კორპორაციის პრეზიდენტის ხოსე პაბლო ლოპესის წინადადების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ RTVE, და შესაბამისად, ესპანეთი, ევროვიზიაზე არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ფესტივალი საბოლოოდ ისრაელს მონაწილეობის უფლებას მისცემს.
ამგვარად, ესპანეთმა ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროვიზიის კონკურსში ისრაელის დაშვების შემთხვევაში, ოთხ სხვა ქვეყანასთან - ნიდერლანდებთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან და ირლანდიასთან - ერთად, ესპანეთი უარს იტყოდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე.