კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პოზიტიურად შეაფასა აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირების მოსალოდნელი შეხვედრა, რომელიც საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.
ამის შესახებ პესკოვმა CNN-ს განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უკრაინის ომის დასრულებას განიხილავენ.
„კარგია და ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენ ვიკრიბებით სასაუბროდ, თუმცა ჯერ ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება. დაველოდოთ სამშაბათს და ვნახოთ, როგორი იქნება დიალოგის დასაწყისი“, – განაცხადა პესკოვმა.
მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში 18 თებერვალს დაიწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციაში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
კრემლის ცნობით, რუსულ დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე წარმოადგენენ.
თარგმანი: პირველი არხი