უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიას სოჭში განუცხადა, სადაც „ვალდაის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ჩვენ გვახსოვს ტრამპის დაპირება, ინაუგურაციამდე წარადგინოს რამე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, რომ ამას ერთ ღამეში შეძლებს. ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერაფერი განკურნავს, თუმცა ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

ამასთან, პესკოვს კითხვა დაუსვეს კამალა ჰარისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, პუტინი ტრამპს „ლანჩზე შეჭამს“. პესკოვის თქმით, „პუტინი ადამიანებს არ ჭამს“.

პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპის გუნდის წევრებს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების რამდენიმე ვერსია აქვთ, რომლებიც კონფლიქტის გაყინვასა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. კრემლის პრესმდივანმა აღნიშნულ პუბლიკაციას აბსტრაქტული უწოდა.

„ეს ჰგავს უკრაინის საკითხზე „უოლ სთრით ჯორნალის“ გეგმას . პუბლიკაციები სულ უფრო და უფრო აბსტრაქტულ ხასიათს ატარებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

თარგმანი: პირველი არხი