ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 18 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით ქვეყანაში ბირთვული წვრთნები დაიწყო, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება და ერთობლივი ბირთვული წვრთნები "უპრეცედენტო გამოწვევას" წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისთვის. 

"სამხედრო დანაყოფებისთვის ბირთვული იარაღის საბრძოლო გადასროლა და ბირთვულ მხარდაჭერაზე წვრთნები დაიწყო. წვრთნების მიზანია, გაუმჯობესდეს სამხედრო მოსამსახურეების მომზადება, შემოწმდეს დავალების შესრულებისთვის საჭირო იარაღის, ჯარისა და სპეციალური აღჭურვილობის მზადყოფნა და მოხდეს დაუგეგმავი ადგილებიდან საბრძოლო გადასროლის ორგანიზება." – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ. 

განცხადების მიხედვით, "წვრთნების დროს, რუსულ მხარესთან თანამშრომლობით, დაგეგმილია წვრთნები ბირთვული საბრძოლო მასალების გადასროლასა და მათი გამოყენებისთვის მომზადება."

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ბირთვული წვრთნები წინასწარ იყო დაგეგმილი და "არ არის მიმართული მესამე ქვეყნებისკენ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში უსაფრთხოებისთვის." 

ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთმა ბელარუსში საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" განათავსა, რომლის ბირთვული იარაღით აღჭურვაც არის შესაძლებელი. 

ბელარუსთან ერთად ბირთვული საბრძოლო წვრთნები, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინვე არ დაადასტურა, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ბოლო დღეებში დრონებით მოსკოვსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშის მიიტანა. 

თავის მხრივ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ბირთვული წვრთნების დაწყების შემდეგ უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებს მტკიცე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს წვრთნები უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. 

"ბელარუსის მილიტარიზაცია არა მხოლოდ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს, არამედ ასევე მკაფიოდ ადასტურებს, რომ მინსკი რუსული ბირთვული შანტაჟის თანამონაწილეა." – დაამატა უკრაინულმა მხარემ.