„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის აპრილის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2026 წლის აპრილში საქართველოში წარმოებული იყო 1,150413 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,5%-ით ნაკლებია წინა წლის პირველ კვარტალში წარმოებულთან (1,167611 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ აპრილში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1,184669 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (1,167953 მლრდ კვტსთ) 1,4%-ით აღემატება.

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში წარმოებული იყო 4,158101 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 4,6 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (3,97622 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ იანვარ-აპრილში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 5,263038 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (4,944083 მლრდ კვტსთ) 6,5%-ით აღემატება.

წარმოებულთან შედარებით უფრო მაღალი მოხმარების დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე მოხდა. პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული იყო 1,133478 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს (0,974483 მლრდ კვტსთ) 16,3%-ით აღემატება.

ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 4,8%-ით (24,3%-იდან 29,1%-მდე). ასევე აღსანიშნავია, რომ შარშან აპრილში თბოსადგურების მუშაობის საჭიროება საერთოდ არ დამდგარა, წლევანდელ აპრილში კი თბოსადგურებმა 197,739 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც აპრილში ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 9,017 მლნ კვტსთ-ით სჭარბობს.

ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-აპრილში:

თბოსადგურებმა 1,211026 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 245,397 მლნ კვტსთ-ით ანუ 25,4%-ით მეტია;

ქარის სადგურებმა 40,274 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს; 

მზის სადგურებმა 5,084 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს;  

მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 984,827 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,232 მლნ კვტსთ-ით ანუ 1,9%-ით ნაკლებია;  

სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 1,563472 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 71,9 მლნ კვტსთ-იანი ანუ 4,4%-იანი კლებაა;  

მცირე სიმძლავრის სადგურებმა 353,416 კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 7,2 მლნ კვტსთ-იანი ანუ 2,1%-იანი მატებაა. 

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,133478 მლრდ კვტსთ შეადგინა, ხოლო ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 28,541 მლნ კვტსთ.