სტამბოლში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლო თვარამეტიდან თორმეტი ლიცენზიის მფლობელის ვინაობა გაირკვა.

ქართველ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ 97 კგ წონით კატეგორიაში ჰქონდათ მოპოვებული და სტამბოლში ხუთ სხვა წონით კატეგორიაში საგზურის მოსაპოვებლად ჭიდაობდნენ. ყოველი წონიდან საგზური სამ საუკეთესო მოჭიდავეს შეეძლო მოეპოვებინა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე რამაზ ზოიძემ (67კგ) დასახულ მიზანს მიაღწია და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუპოვა, იური ლომაძემ ფინალში გადასასვლელი შეხვედრა წააგო და დარჩენილი მესამე ლიცენზიისთვის ხვალ სხვა 7 მოჭიდავესთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას, ლაშა გობაძე ასევე დამარცხდა ნახევარფინალში და ხვალ სხვა ექვს მოჭიდავესთან ჭიდილში შეეცდება ლიცენზიის აღებას, ფრიდონ აბულაძემ და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა იაკობ ქაჯაიამ პირველივე შეხვედრები წააგეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ამრიგად, საქართველო, ლომაძის და გობაძის მიერ მესამე ადგილებზე გასვლის შემთხვევაში ,პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 4 მოჭიდავით წარდგება. ლიცენზიები სახელობით არაა და ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელებს ჭიდაობის ფედერაცია უშუალოდ თამაშების წინ დაასახელებს.

ქართველი მოჭიდავეები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლიდან ასპარეზობენ. იმ დროს მოჭიდავეები ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების გაუვლელად, ათ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ, მედლებისთვის და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ოლიმპიელი ჰყავდა.

2000 წლიდან მოჭიდავეები (ფედერაციები) ოლიმპიურ ლიცენზიებს საკვალიფიკაციო ტურნირებში მოიპოვებდნენ და 2000 წელს მედლები 8, ხოლო 2004-2008-2012 წლებში 7 წონით კატეგორიაში თამაშდებოდა. საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე 2000 წელს შვიდი, 2004  წელს ექვსი, 2008 წელს ხუთი, 2012 წელს კი კვლავ ექვსი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავით წარდგა.  

2016 წლიდან ოლიმპიური მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება და საქართველო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ოთხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოლიმპიელი ჰყავდა