ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს, პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკოლის ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები.
აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა- 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ მიულოცეს.