ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს. 160-ე სკოლაში იმყოფებოდნენ ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე და კონსტანტინე ზარნაძე.
განათლების მინისტრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
გიორგი ტყემალაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დედაქალაქის სკოლების მოსწავლეებსა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც დღეს პირველი ზარი დაირეკა. ვუსურვებ მათ ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.
დღეს სრულად რეაბილიტირებული და განახლებული თბილისის 160-ე საჯარო სკოლის კარი გაიღო 2000-მდე მოსწავლისა და მათი მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში განახლდა სკოლის ფასადი, წყალმომარაგების და გათბობის სისტემა, კაპიტალურად გარემონტდა სხვადასხვა დანიშნულების შიდა სივრცეები, მათ შორის ბიბლიოთეკა, ღია და დახურული სპორტული მოედნები, სააქტო დარბაზი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.
დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დიდუბის რაიონში N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი.
„დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეა - ქალაქის აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას დიღომში, ახმეტელის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. N19 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟის შემდეგ სრულიად ახალი შენობა აშენდა, რომელიც 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. დღეიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ბაღი მზად არის მიიღოს პატარები“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო რამდენიმე წლის წინ განახორციელა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. ბაღში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოქმედი სტანდარტი.