დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბელა გოგუამ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცეს და „სოციალური მუშაობის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობას გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სოციალური მუშაკები, წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მუშაკების ყველაზე დიდი დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ყველა რეგიონულ ცენტრსა და რაიონულ წარმომადგენლობაში.

დღეისათვის, სააგენტოში, დასაქმებულია 287 სოციალური მუშაკი, ისინი მომსახურებას უწევენ: ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

სოციალური სამუშაოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, 18-დან 21 მარტის ჩათვლით, თბილისსა და ათ რეგიონში,  30 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. სააგენტოს სოციალური მუშაკების ჩართულობით, შეხვედრები გაიმართა: სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ბაგა-ბაღის მასწავლებლებთან, მშობლებთან, თანამშრომლებთან, სამედიცინო დაწესებულებისა და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან, ექიმებთან, მუნიციპალიტეტებისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრში დაინტერესებულ პირებთან და სხვა.