ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართა საზეიმო ღონისძიება "ჩვენი დროის ლეგენდები".
1981 წლის 13 მაისს, თბილისის ,,დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასზე ისტორიული გამარჯვების მოპოვებიდან 45 წლის შემდეგ, ,,დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და თავიანთი სპორტული კარიერიდან მნიშვნელოვანი ფაქტები გაიხსენეს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო ქართული ფეხბურთის ისტორიის ღირსშესანიშნავი მომენტები და მიღწევები.
ვეტერან ფეხბურთელებს საჩუქრად ფულადი ვაუჩერები გადაეცათ.
ამ მნიშვნელოვანი სპორტული წარმატების საზეიმოდ აღნიშვნა ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ტრადიციად აქცია. გასულ წელს 1981 წლის 13 მაისის თარიღისა და „დინამოელების“ სახელის უკვდავსაყოფად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განთავსდა თბილისის „დიმანოს“ გამარჯვების ამსახველი საარქივო ფოტოების მემორიალური დაფა, 2024 წელს კი მათი სახელობის ზეთისხილის ხე დაირგო.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა კვარტეტი ,,რანინა“.
საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ასევე პარლამენტისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.











