დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ 33 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. ახალწვეულები ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთის სარდლობის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი თეიმურაზ კვინიკაძე და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ
გოგნაძე. მათ ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის იუბილე მიულოცეს, წვევამდელებს კი, თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ქვედანაყოფის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
ღონისძიების ფარგლებში, მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლებაც ჩაატარა.